English / ქართული / русский /
ირაკლი ქვარაიაქეთევან ქუთათელაძეელისაბედ მალანია
მშენებლობის რისკების გავლენა საინვესტიციო ხარჯებზე

ანოტაცია. სტატიაში განხილულია ახალი ობიექტების მშენებლობის დაწყებისას ყველა შესაძლო რისკების გათვალისწინების აუცილებლობა, რომელიც ბოლო ხანებში განსაკუთრებით მრავალფეროვანი გახდა. მაგალითად, გასულ წელს საერთოდ არავინ არ ელოდა, რომ პანდემიის გამო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უამრავი უნიკალური ნაგებობის მშენებლობა გაჩერდებოდა. აქედან გამომდინარე, ყველაფრის წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელია, მითუმეტეს, რომ ძალიან გახშირდა მშენებლობის რისკები, რომლებიც შეიძლება მხოლოდ პოლიტიკური ან ეკოლოგიური თვალსაზრით იყოს გამოწვეული

საკვანძო სიტყვები: ობიექტი, ინვესტიცია, რისკი, ხარჯი, მშენებლობა. 

შესავალი 

ტრადიციულად მშენებლობის რისკების გაუთვალისწინებლობა პირდაპირ კავშირშია საინვესტიციო ხარჯების ზრდასთან, რაც დამფინანსებელსა და მშენებელს შორის ყოველთვის დავის საგანს წარმოადგენს. არატრადიციული რისკების შემთხვევაში, როდესაც სამუშაოთა გაგრძელება შეუძლებელია მშენებლობასთან არანაირი კავშირის მქონე სუბიექტური მიზეზების გამო, ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ინვესტორებისათვის გაწეული დანახარჯების ანაზღაურება. აღნიშნული რისკების სწორად მართვისთვის, აუცილებელია მსგავსი შემთხვევების კარგად შესწავლა და სათანადოდ გაანალიზება. ნებისმიერი ახალი ობიექტის მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია ყველა შესაძლო რისკების გათვალისწინება, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს სამუშაოების წარმოების გართულებასთან. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების შედეგად, თითქმის შეუცდომლად შეიძლება განისაზღვროს ტრადიციული რისკები. მათ მიეკუთვნება დაფინანსების, მომარაგების და მანქანა-მექანიზმებით არასათანადო უზრუნველყოფა,  საპროექტო, გეოლოგიური ან გეოდეზიური უზუსტობები და სხვა წინააღმდეგობები, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მშენებლობის პროცესის დაუბრკოლებლად წარმართვას. განსაკუთრებით ხშირია გრუნტის წყლების, მეწყრული მოვლენების, ცალკეულ უბნებში არამტკიცე ქანების და სხვა გამოვლენის ფაქტები. მათ სალიკვიდაციოდ ხშირად საჭირო ხდება სერიოზული გამოკვლევების ჩატარება და  ძვირადღირებული ღონისძიებების განხორციელება. ყოველივე ეს მნიშვნელოვან, ძალიან დიდ გაუთვალისწინებელ ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ასეთ ვითარებაში ინვესტორი ცდილობს მინიმალური დანახარჯები გასწიოს, ხოლო მშენებელი ითხოვს ყველა დამატებითი სამუშაოს დროულ და სრულფასოვან ანაზღაურებას. აქედან გამომდინარე, ამ საკითხთან დაკავშირებული დავა შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს და  გაჭიანურდეს  ობიექტის დასრულება.  ეს, პირველ რიგში,  ინვესტორს  აზიანებს, რომელსაც ყოველთვის წინასწარ და ზედმიწევნით ზუსტად  აქვს გათვლილი მოსალოდნელი მოგება. მართალია, დამკვეთსა და მშენებელს შორის გაფორმებულ ყველა ხელშეკრულებაში აუცილებლად არის გათვალისწინებული ფორსმაჟორული სიტუაცია, რომელიც მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეუძლებელს ხდის სამუშაოების წარმოებას და მხარეებს ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან, მაგრამ რისკების უმრავლესობა ამ პუნქტით გათვალისწინებულ მდგომარეობას იშვიათად ეხება. 

ძირითადი ნაწილი 

თანამედროვე მსოფლიოში ისეთი პროცესები ვითარდება, რომ დაწყებული სამშენებლო პროექტების გაჩერების ან საერთოდ ჩაშლის მიზეზი შეიძლება სრულიად წარმოუდგენელი  მოვლენა გახდეს. აქედან გამომდინარე, რისკები სავსებით შესაძლებელია პირობითად ტრადიციულ და არატრადიციულ რისკებად დაიყოს. განსაკუთრებულ ყურადღებას არატრადიციული რისკები მოითხოვს, რომელთა წილი სულ უფრო იზრდება. გასულ წელს პანდემიის გამო დუბაიში მსოფლიო გამოფენა ექსპო-2020 ჩაიშლა, რომლისთვის ყველა ქვეყანა მრავალი წლის განმავლობაში ემზადებოდა. აღნიშნული გამოფენისათვის, დუბაის მახლობლად შენდებოდა უნიკალური, 80000 მაცხოვრებელზე გათვლილი, მსოფლიოში პირველი ენერგოეფექტური ქალაქი დისთრიკტი-2020. ასევე, უნდა დასრულებულიყო მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის აგება, რომელიც თითქმის 100 მეტრით მაღალი იქნებოდა ცნობილ „ბურჯ-ხალიფაზე“.  მიუხედავად იმისა, რომ არაბეთის გაერთიანებული საემიროები ცნობილია თავისი ფაქტიურად უსაზღვრო ფინანსური შესაძლებლობებით, მაშინვე შეწყდა ამ ობიექტების ინვესტირება და მშენებლობა. მსოფლიო მასშტაბით სატრანსპორტო მიმოსვლისა და მთელი რიგი ქვეყნების ჩაკეტვის გამო, სახიფათო გახდა რისკების შემდგომი გაწევა. უკანასკნელი მონაცემებით, პანდემიასთან დაკავშირებული მდგომარეობის შედარებითი დასტაბილიზების შედეგად მოიძებნა ინვესტირების დამატებითი  წყაროები და დაიწყო სამუშაოების განახლება. მათი დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბერში არის გათვალისწინებული და ამავე პერიოდში იგეგმება გამოფენის გახსნა. 

არატრადიციული რისკების თვალსაზრისით, ძალიან საინტერესოა ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში 1987 წელს დაწყებული სასტუმრო „რუგენის“ მშენებლობის ისტორია, რომელიც იმ დროს ყველაზე მაღალი (სიმაღლე 330 მეტრი, 105 სართული) იქნებოდა.  ამით მთელი მსოფლიოსთვის უნდოდათ  დაემტკიცებინათ არსებული პოლიტიკური სისტემის უპირატესობა. თითქოს ყველაფერი წინასწარ  კარგად იყო გათვლილი და მისი მშენებლობა არავითარ რისკს არ წარმოადგენდა. მაგრამ საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბანაკის დაშლის შემდეგ ამ პროექტის განხორციელება, უკიდურესი უსახსრობის და მძვინვარე შიმშილობის გამო,  ასეთ ტოტალიტარულ ქვეყანაშიც კი შეუძლებელი გახდა. თითქმის  30 წელი სასტუმროს მშენებლობა მსოფლიოში ყველაზე მაღალ  და დიდ დაუმთავრებელ ობიექტად ითვლებოდა, ვიდრე ორი წლის წინ არ გადაწყდა მისი დასრულება. სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ 2000 წელს თითქმის ერთი  წლით  გადაიდო პარიზისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი,  მესამე წრიული გზის მშენებლობის დასრულება. პარიზის მერიას უამრავი გაუთვალისწინებელი ხარჯების გაწევა მოუხდა, ერთადერთ მოსახლესთან დავის გამო, რომელიც თავის კუთვნილ ტერიტორიას არ თმობდა და სასამართლოში ჩიოდა. გამოუვალი მდგომარეობის გამო ხელისუფლება იძულებული გახდა მთელ რიგ საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილებები შეეტანა და ძალიან დიდი კომპესაციის სანაცვლოდ გაჯიუტებული მოქალაქის ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებში დაებრუნებინა. ამ შემთხვევაში მშენებლობის რისკი ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების აუცილებელი დაცვით იყო განპირობებული და სამართლებლივი პოზიციებიდან გამომდინარე მეტ-ნაკლებად მსგავსი მოვლენები სხვა დემოკრატიულ ქვეყნებშიც გარდაუვალია.

         საქართველოში ამჟამად ძალიან გავრცელებული არატრადიციული სამშენებლო რისკების განხილვამდე აუცილებელია მათი წარმოშობის ისტორიის გახსენება. საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში, ტრადიციული რისკების გარდა წარმოუდგენელი იყო სხვა პირობებს  შეეშალა ხელი მშენებლობისათვის. მაშინ ყველაფერი ზუსტად იგეგმებოდა და მშენებლობის დაფინანსება მხოლოდ ბიუჯეტიდან ხორციელდებოდა. ამასთან ერთად,  ხარჯთაღრიცხვებში საკმაოდ დიდი თანხები იყო გამოყოფილი გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის. ასევე ყოველთვის არსებობდა დამატებითი სახსრების გამოყოფის  შესაძლებლობა. უნდა აღინიშნოს, რომ არსებული სისტემით ძალიან კარგად სარგებლობდნენ ცალკეული რესპუბლიკები, მათ შორის განსაკუთრებით საქართველო. მაგალითად,  გასული საუკუნის 60-70 წლებში, გაუთვალისწინებელი და დამატებითი ხარჯების გამოყოფის წყალობით აშენდა ორი გრანდიოზული ნაგებობა თბილისში:  სპორტის სასახლე და ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი, რომელთა მშენებლობის ღირებულება დასამტკიცებლად იმაზე ბევრად ნაკლები იყო წარდგენილი, რაც საბოლოოდ დაჯდა თითოეული მათგანი. ქვეყანაში მოქმედი ნორმების მიხედვით, საქართველოს დედაქალაქში არსებული მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე  (თბილისის მოსახლეობამ 1 მილიონს მხოლოდ 1973 წელს მიაღწია), ეს  სპორტული  ობიექტები  დაუშვებლად ბევრ  მაყურებელზე იყო გათვლილი და ცენტრალური ხელისუფლება თავიდან საერთოდ არ იძლეოდა მათი მშენებლობის უფლებას. საქართველოში ეროვნული მოძრაობის დაწყებასთან ერთად მკვეთრად გაიზარდა ნეგატიური დამოკიდებულება მასშტაბური მშენებლობების მიმართ და ყველა წამოწყება ამ მიმართულებით დიდი რისკის შემცველი გახდა. საზოგადოების ზეწოლის შედეგად  საქართველოს ხელისუფლებამ შეწყვიტა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. მაგალითად, საყოველთაო პროტესტი გამოიწვია ტრანსკავკასიური სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობამ, რაც პოლიტიკური თვალსაზრისით სავსებით გამართლებული იყო.  მწვანეთა მოძრაობამ, ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით კი ყველაფერი გააკეთა ხუდონჰესის კასკადის მშენებლობის შესაჩერებლად, რომელსაც დიდი როლის შეასრულება შეეძლო საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით. ამჟამად ბევრი სპეციალისტი თვლის, რომ  ხუდონჰესისი მშენებლობის გაჩერება დიდი შეცდომა იყო

          საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, წლების მანძილზე სამშენებლო სფერო საერთოდ უმოქმედოდ იყო დარჩენილი. მისი აღორძინება 2000-იანი წლებიდან დაიწყო და ობიექტების მშენებლობა ძირითადად კერძო ინვესტიციების ხარჯზე ხორციელდება. სახელმწიფოს დაკვეთით და საბიუჯეტო სახსრებით ობიექტების მშენებლობისათვის შემსრულებლის შერჩევა, როგორც წესი, ტენდერების ჩატარების გზით ხორციელდება. გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, ისედაც მინიმუმამდე დაყვანილი სახარჯთაღრიცხვო ღირებულების გაზრდა, ახალი რისკების გამოვლენის შემთხვევაშიც კი, პრაქტიკულად  შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ყველა სახელმწიფო პროექტის დასრულება მთელ რიგ გაუგებრობებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლების სათავეში ახალი პოლიტიკური ძალების მოსვლასთან ერთად მკვეთრად იცვლება სამშენებლო პროექტების მიმართ დამოკიდებულება. აღნიშნულის თვალსაჩინო მაგალითია ქ. თბილისის შემოვლითი სარკინიგზო გზის მშენებლობა. საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსებული პროექტი სწრაფად და წარმატებით ხორციელდებოდა 2012 წლამდე. საპარლამენტო არჩევნების გზით ძველი ხელისუფლების შეცვლას მოჰყვა ახალი ხელისუფლების მიერ აღნიშნული პროექტის მიმართ ინტერესის სრული დაკარგვა. შედეგად, ისე მყისიერად მოხდა დაფინანსების და მშენებლობის შეწყვეტა, რომ მცირედი სახსრებიც არ იქნა გამოყოფილი მშენებარე  ობიექტების კონსერვაციისა და დაცვისათვის. მხოლოდ ბუნებრივი ნალექების ზემოქმედების შედეგად მრავალი ესტაკადა, ხიდი, გვირაბი და სხვ. ბოლომდე დაუმთავრებელია, საინჟინრო ნაგებობა იმდენად დაზიანებულია, რომ ბევრი მათგანი სამუშაოთა განახლებამდე მოითხოვს გამაგრებას ან გაძლიერებას. განსაკუთრებით საგანგაშოა გზის ცალკეულ მონაკვეთებზე აგებული ლითონის ხიდების და საფეხმავლო გადასასვლელების  მდგომარეობა, რადგანაც კოროზიის შედეგად დაზაინებულია ბევრი მათგანის მზიდი კონსტრუქციები. შექმნილი ვითარების გამო, ვერ მოხერხდა მრავალი სამშენებლო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების სრულფასოვანი ანაზღაურება და გაუარესდა მათი ფინანსური მდგომარეობა. სამუშაოების განახლების შემთხვევაში პროექტის დასრულება აუცილებლად გათვალისწინებულ ღირებულებაზე  გაცილებით მეტი დაჯდება.

           მიმდინარე წელს მთელი საქართველო მოიცვა ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმართულმა საპროტესტო აქციებმა. ბუნებისდამცველთა აქტიურობით ჩამოყალიბდა აზრი, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ ობიექტის და საერთოდ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. უკვე რამდენიმე თვეა აქტივისტთა ჯგუფები ხელს სერიოზულად უშლიან სამუშაოების წარმოებას და ეს დიდი იმედისმომცემი პროექტი გაჩერების პირასაა მისული. .მართალია, მშენებლობა კერძო, თურქული კომპანიის დაფინანსებით ხორციელდება, მაგრამ საქართველოს მთავრობას ისეთი კაბალური პირობებით აქვს გაფორმებული ხელშეკრულება ინვესტორთან, რომ მის შეჩერებას სერიოზული საჯარიმო სანქციები მოყვება, რაც ისევ საქართველოს ბიუჯეტს დააზიანებს. სიტუაციის გამწვავების ძირითად მიზეზად ითვლება, რომ მოსახლეობაში არ იყო წინასწარ ჩატარებული სათანადო ახსნა-განმარტებითი მუშაობა და ნაჩქარევად იქნა მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. ამის დასტურად შეიძლება თითქმის ანალოგიური, მაგრამ გაცილებით მცირე მასშტაბის  შემთხვევის მოყვანა.  გასულ წელს მარნეულში. სამშენებლო კომპანია „ინ-სი“-ს მიერ გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის სერიოზული საპროტესტო გამოსვლები მოყვა. მშენებლობა მაშინვე შეჩერდა და რამდენიმე თვე  მიმდინარეობდა განმარტებითი მუშაობა მოსახლეობის ყველა ფენასთან, მარნეულის კომუნალური მეურნეობის მოწესრიგებაში აღნიშნული ობიექტის დიდი მნიშვნელობის შესახებ.  მათი დარწმუნების შემდეგ სამუშაოები განახლდა და წარმატებით მიმდინარეობს.

         ეკოლოგიური პრობლემებიდან გამომდინარე, თითქმის ათი წელია სამართებლივი დავა მიმდინარეობს თბილისში ვაკის პარკის ტერიტორიაზე კერძო ინვესტორის მიერ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობასთან დაკავშირებით. ქალაქის მერიამ, ყველა რეგულაციების დაცვით გაასხვისა აღნიშნული ტერიტორია, სადაც ადრე ამავე დასახელების ცნობილი რესტორანი ფუნქციონირებდა. ამ საკითხმა მაშინვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება და ბუნებისდამცველთა მხარდასაჭერად  სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაიწყო დავა ტერიტორიის ახალ მეპატრონესთან.  მიუხედავად იმისა, რომ ყველა ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება მშენებლობის დაწყების ნებართვას იძლევა, საზოგადოების ზეწოლა იმდენად დიდია, რომ საეჭვოა საბოლოოდ ეს პროექტი განხორციელდეს. ამასთან, ქალაქის მერია, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სანაცვლოდ სხვა არანაკლებ სახარბიელო ტერიტორიის გამოყოფას სთავაზობს ინვესტორს. რომელიც მის მიერ გაწეული დანახარჯებისა და დროში ძალიან გაწელილი, გადაუწყვეტელი პრობლემის გამო, უფრო მეტ კომპენსაციას ითხოვს.

         საქართველოში საბინაო მშენებლობის გარდა, ბოლო წლებში განსაკუთრებით დიდი მასშტაბებით ხორციელდებოდა  ტურისტული ობიექტების მშენებლობა. ეს გამოწვეული იყო ტურისტთა ყოველწლიურად მზარდი ნაკადების არსებობით და ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში ამ სფეროს ახალი ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებული სულ უფრო  დიდი მოთხოვნილებით. პანდემიის პერიოდში, სამწუხაროდ, ყველაზე მეტად ტურიზმი და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა დაზარალდა. ტურისტებისთვის დაიხურა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მათ შორის  საქართველოც. ფუნქციონირება შეწყვიტეს სასტუმროებმა, რესტორნებმა,  გასართობმა ცენტრებმა, მუზეუმებმა და ყველა უკვე არსებულმა ტურისტულმა ობიექტმა. აქედან გამომდინარე, აზრი დაკარგა ამ მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებამ. გაჩერდა უამრავი ასეთი  ახალი მშენებლობა. ინვესტორების მთავარი საზრუნავი გახდა არა მათი დასრულება, არამედ ობიექტების ფუნქციური დანიშნულების შეცვლა ან საერთოდ გაყიდვა. ბევრი მათგანი სერიოზულ პრობლემებს აწყდება უკვე განხორციელებული ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით. არც თუ იშვიათია მათი სამშენებლო კომპანიებთან ურთიერთობის ძალიან გამწვავების ფაქტები, რომელთაც სრულიად მოულოდნელად მოუწიათ სამუშაოთა წარმოების მიტოვება და ინვესტორისაგან ელოდებიან მათ მიერ დახარჯული თანხების კომპენსირებას. 

დასკვნა 

     1. მშენებლობის რისკები შეიძლება დაყოფილი იყოს ტრადიციულ და არატრადიციულ რისკებად. ტრადიციულია ყველა ის რისკი, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ მშენებლობის პროცესთან და მათი გათვალისწინება არ მოხდა დაპროექტების ეტაპზე,  გამოწვეულია ბუნებრივი ზემოქმედების ან სამუშაოთა წარმოების სიძნელეებით. .არატრადიციულია რისკები, რომელთაც იწვევს პოლიტიკური, ეკოლოგიური, ეპიდემიოლოგიური ან სხვა არასამშენებლო სუბიექტური მიზეზი;

     2. მშენებლობის რისკები იწვევს  საინვესტიციო ხარჯების გაუთვალისწინებელ ზრდას, ახანგრძლივებს ობიექტის დასრულების ვადებს. ამასთან მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ ტრადიციული რისკების არსებობის შემთხვევაში მშენებლობის დასრულება აუცილებლად  მოხდება. რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა  არატრადიციული რისკებისას. ასეთ დროს  მოსალოდნელია მშენებლობის დასრულების განუსაზრვრელი ვადით გადადება ან მისი საერთოდ ჩაშლა, რასაც აუცილებლად მოჰყვბა გაწეულ საინვესტიციო ხარჯებთან დაკავშირებული პრობლემები;

      3. ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პრინციპებიდან გამომდინარე, იზრდება არატრადიციული - პოლიტიკური, ეკოლოგიური, ეკონომიკური და სხვა სახის - რისკების ხვედრითი წილი. ამიტომ ახალი ობიექტების მშენებლობა ბევრად არის დამოკიდებული ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე, რაც მთელი რიგი შესაბამისი ღონისძიებების წინასწარ დაგეგმასა და გატარებას მოითხოვს. 

გამოყენებული ლიტერატურა 

1. ი.ქვარაია.  პანდემიის პერიოდში, სამშენებლო სფეროში წამოჭრილი ძირითადი პრობლემები. თსუ. აკადემიკოს პ.გუგუშვილის დაბადებიდან 115 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო. სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული. თბილისი. 2020

2. ი.ქვარაია, ქ.ქუთათელაძე, ე.მალანია. თბილისის ძველი შენობების “ახალი სიცოცხლის” შედეგად გახსნილი სასტუმროები და მათი როლი ტურიზმის განვითარებაში. IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „.გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“. .მოხსენებათა კრებული. 29-30 ივნისი. თბილისი. 2020